ნებისმიერ სამხედრო მოქმედებაში მანევრის დაგეგმვა და განხორციელება ის საბოლოო შედეგია, რომელსაც ჯარისკაცი რეალური ბრძოლის ველზე ასრულებს. ძნელი წარმოსადგენია, თანამედროვე ბრძოლის ველზე, როდესაც ფრონტალური ომები მხოლოდ ისტორიის ნაწილია, წარმატებული სამხედრო ოპერაცია კარგი მანევრის გარეშე, თუმცა, დაგეგმვისას მხოლოდ ოპერაცია არ იგეგმება და ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ნაწილი ამ პროცესში სავარაუდო მსხვერპლის გათვლაა.
დაჭრილების და დაშავებულების 90% ბრძოლის ველზე სისხლისგან იცლება, თუ კი მათთვის დახმარების აღმოჩენა დროულად არ მოხდა. სამხედრო მაშველებისა და ექიმების მომზადება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ნებისმიერი სხვა სპეციალობის ჯარისკაცის და კრიტიკულ მომენტებში სწორედ სამხედრო ექიმების კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული მათი სიცოცხლე.
წვრთნების დროს, რომელიც ჯარში რუტინაა და შეიძლება, საკმაოდ მომაბეზრებილიც გახდეს, მთავარი ჩვევის გამომუშავებაა, სწორედ ამიტომაც, მშვიდობიანობის დროს, ინსტრუქტორები ერთი და იგივე პროცედურებს კიდევ და კიდე ამეორებინებენ ჯარისკაცებს, რათა ბრძოლის ველზე ეს ჩვევა უკვე ავტომატური მოქმედების რეჟიმში აამუშავონ.სამხედრო ექიმებისთვის ერთი წამიც შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
ქართული სამხედრო სამედიცინო სამსახური, ფაქტობრივად, ბრძოლის ველზე იქმნებოდა და იხვეწებოდა. 90-იანების შემდეგ ბევრი ცვლილება განხორცილდა და დღესაც, სამსახურმა მორიგი ოპტიმიზაციის შედეგად, სრულებით ახალი სტრუქტურის სახე მიიღო. ცვლილებები და განვითარება, რა თქმა უნდა კარგია, თუმცა მუდმივი და ხშირი ცვლილება თავის გავლენას ახდენს და ბევრ შემთხვევაში, არც თუ დადებითს.
ამჟამად საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ყოველ ჯგუფში ერთი მაშველია, რომელსაც გადაუდებელი დახმარების აღმოჩენა ადგილზევე შეუძლია. შემდეგი ეტაპია საბრძოლო მედიკოსი, რომელიც წინა ხაზიდან ოდნავ მოშორებითაა და დაშავებულთა თავშეყრის ადგილზე მუშაობს. შემდეგ ბატალიონის სამედიცინო პუნქტი მოდის, იქიდან დაჭრილი საველე ჰოსპიტალში ხვდება.
სამხედრო მედიკოსების წვრთნა სწავლებების მთელი ციკლის მხოლოდ ერთი კომპონენტია. მანევრებს როგორც დამოუკიდებელი, ასევე ერთობლივი ხასიათი აქვს. დასავლეთ საქართველოში, კონკრეტულად კი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში აშშ-ს საზღვაო ქვეითებმა საბაზისო კურსი ქართველ ჯარისკაცებთან ერთად გაიარეს.
სამი კვირის განმავლობაში საჩხერესა და ჭიათურაში განთავსებულ სასწავლო უბნებზე მათ შეისწავლეს სამთო აღჭურვილობის შერჩევის/მოხმარების წესები და ტექნიკური მონაცემები;
მსმენელებმა შეძლეს ძირითადი საკითხების, უნარებისა და მიმართულებების განსაზღვრა, აგრეთვე ჩამოუყალიბდათ ის უნარ-ჩვევები, რაც დაეხმარებათ თვითგანვითარების მიზნით, იმუშაონ საკუთარ თავზე და გაიღრმავონ ცოდნა.
სამთო მომზადების სკოლას კიდევ ერთი ფუნქცია აქვს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამერიკული პროგრამის – თავდაცვის მზადყოფნის ფარგლებში გაწვრთნილი ბატალიონების დაზვერვის ოცეულები სხვა უნარებთან ერთად საბაზისო სამთო სპეციფიკაშიც ემზადებიან. სწავლების შემდეგ ეს ოცეულები საჩხერეში იგზავნებიან და აქ გადიან დამატებით მომზადებას.
პარალელურად, ამერიკის ევროპულმა სარდლობამ პარტნიორებთან ერთად 10 მაისიდან ინტენსიური სამხედრო წვრთნები ხორვატიიდან, უნგრეთიდან და სლოვენიიდან დაიწყო. სამხედრო წვრთნები „დაუყოვნებელი პასუხი“ პირველია ექვსიდან, რომელიც სექტემბრის ბოლოს ისლანდიაში დასრულდება, მანამდე კი უკრაინას, შავი ზღვის დასავლეთ ნაწილსა და საქართველოსაც მოიცავს.
„თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის“, თუმცა ომს ყოველთვის ახლავს მსხვერპლი, სამწუხაროდ და სამხედრო ექიმების პროფესიონალიზმი ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ამ მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად, დანარჩენი კი, როგორც სამხედროები ამბობენ – მანევრია.
დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიციას.