სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა

რამ გამოიწვია გრიგოლეთ-სამტრედიის გზაზე მდებარე ხიდის დაზიანება. ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად მიმდინარე ექსპერტიზა დასრულდა. სამხარაული ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი. წყალდიდობამ წარეცხა როსტვერკის ქვეშ გრუნტი, რომლის ფილამ ვეღარ გაუძლო დაწოლას. იმის გათვალისწინებით, რომ ხიდის ბურჯისა და მალის ჩავარდნის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება, ექსპერტიზის დასკვნა გადაეგზავნა საგამოძიებო ორგანოს. გამოძიების პარალელურად, ზიანის ანაზღაურების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწყებს შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს ყველა აუცილებელი მექანიზმის გამოყენებით. სამტრედია-გრიგოლეთის 51-კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა ოთხ მონაკვეთად მიმდინარეობდა. ორ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა გახსნილია, მესამე 12 კმ-იან მონაკვეთზე გრძელდება სამშენებლო სამუშაოები.