სამტრედია-გრიგოლეთის დაზიანებული ხიდის აღდგენითი სამუშაოები

სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე დაზიანებული მშენებარე ხიდის აღსადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საპროექტო კვლევებისთვის ევროპელი სპეციალისტები მოიწვია. ქართველი, ავსტრიელი და გერმანელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საერთაშორისო ჯგუფი, ხიდის აღდგენის პროექტის შესამუშავებლად სტრუქტურულ, გეოლოგიურ, ჰიდროლოგიურ და სხვა ტიპის კვლევებს ჩაატარებს. მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად საექსპორტო კვლევა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2023 წლის დეკემბერში დაასრულა. ამასთან, ხიდის ბურჯისა და მალის ჩავარდნის ფაქტზე გრძელდება გამოძიება. პარალელურად კი, ზიანის ანაზღაურების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაწყებული აქვს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები.