სამეთაურო-საშტაბო სწავლება - Agile Spirit 2018

1-11 სექტემბრის ჩათვლით საქართველო საერთაშორისო სამეთაურო-საშტაბო სწავლება Agile Spirit 2018-ს მერვედ უმასპინძლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ Agile Spirit 2018-ის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგზე საერთაშორისო სწავლების ხელმძღვანელმა, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალმა, ბრიგადის გენერალმა გიორგი მათიაშვილმა მოწვეულ სტუმრებს სწავლების მიზანი, შინაარსი და დაგეგმილი აქტივობები დეტალურად გააცნო.

საინფორმაციო ბრიფინგს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი მოადგილეები დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მრავალეროვნული სწავლება ქალაქ სენაკში, მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ევროპული სარდლობის ლიდერობით ჩატარდება.