სამების საპატრიარქო ტაძარში მომხდარი ვანდალური აქტიდან გამომდინარე, დღეს და ხვალ საკათედრო ტაძარში მედიასაშუალებების წარმომადგენელთა დაშვება შესაბამისი აკრედიტაციის გარეშე შეიზღუდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად.
სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატის დაზიანების ფაქტზე გამოძიება წვრილმანი ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს. შსს-ში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში უკვე გადაიგზავნა. ვანდალიზმის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
სასულიერო პირების განცხადებით, ეს აქტივისტმა ნატა ფერაძემ გააკეთა, რასაც თავად ფერაძეც არ უარყოფს და თავის მხრივ, მის მიმართ მუქარაზე საუბრობს. მატრონა მოსკოველის ხატის გარშემო ოპოზიციის წარმომადგენლებმა და საზოგადეობის ნაწილმა უარყოფითი პოზიცია მას შემდეგ გამოხატა, რაც ცნობილი გახდა, რომ ხატის ფრაგმენტზე იოსებ სტალინია გამოსახული.