ვანდალიზმის ფაქტი ტაძარში - საპატრიარქოს გადაწყვეტილება

პოლიტიკური ვნებათაღელვა არ ნელდება სამების საკათედრო ტაძარში მომხდარი ფაქტის გარშემო.

მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმას და შობის აღნიშვნის თარიღის გარშემო დაწყებულ დავას ხელისუფლება ერთიან დაგეგმილ კამპანიად აფასებს და მის მიღმა პოლიტიკურ ინტერესს ხედავს. მართლმადიდებელი ეკლესიის დევნაზე საუბრობს საპატრიარქოც, რომელიც ცალკეული ჯგუფების მხრიდან ეკლესიის წინააღმდეგ შეტევების კიდევ უფრო გამძაფრებას არ გამორიცხავს. როდის უნდა აღნიშნოს საქართველომ ქრისტეშობის დღესასწაული – 25 დეკემბერს თუ 7 იანვარს და როგორ აღმოჩნდა რუსეთის ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულ მატრონა მოსკოველის ხატის ერთ-ერთ ფრაგმენტზე საბჭოთა ლიდერი იოსებ სტალინი. ვიდრე საზოგადოება ბოლო დღეებში გააქტიურებულ კითხვებზე მსჯელობს, არანაკლები პოლიტიკური მღელვარების თემა ხდება მმართველი გუნდის ინიციატივა. რელიგიური ნაგებობებისა და სიწმინდეების შეურაცხყოფაზე შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდეს.