საპატრიარქოს გამოხმაურება

ბოლო პერიოდში მატრონა მოსკოველის ხატის გარშემო განვითარებულ მოვლენებს საპატრიარქო კიდევ ერთხელ ეხმაურება და რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის შესახებ კანონის მიღების აუცილებლობაზე საუბრობს. საპატრიარქოში იმედოვნებენ, რომ კანონი დესტრუქციული ქმედებების პრევენციის კარგი საშუალება იქნება. ამ კანონში მკაფიო უნდა იყოს რელიგიური ორგანიზაციის განსაზღვრება, – წერია განცხადებაში, რომელიც საპატრიარქომ ცოტა ხნის გაავრცელა. ტექსტში ვკითხულობთ, რომ რეგულაციის საჭიროების შესახებ ჯერ კიდევ სამი წლის წინ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა.

„კიდევ ერთხელ გამოვხატავთ პოზიციას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპატრიარქო ტაძარში ხატზე საღებავის შესხმის ფაქტი არის ეკლესიის დარბევის ერთგვარი სახე და იმეორებს ბოლშევიკური წარსულის გამოცდილებას. მისი სათანადოდ არ შეფასება სახიფათო პრეცედენტია მსგავსი ქმედებების წახალისებისთვის. ეს ყოველივე მორწმუნეთა სამართლიან აღშფოთებას იწვევს, თუმცა მნიშვნელოვანია, პროტესტი მშვიდობიანი ფორმით წარიმართოს და არ მოხდეს მისი პოლიტიკურ ჭრილში გადატანა, რის მცდელობებსაც დღეს ნაწილობრივ ვხედავთ.

სამწუხაროდ, ისევ გვიწევს გამეორება, რომ საერთაშორისო და უფლებადამცავი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მხრიდან დუმილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში ქრისტიანული ტრადიციების დაცვის აუცილებლობის შესახებ მათ მიერ არაერთგზის დეკლარირებულ განცხადებებს. იმედია, რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფის შესახებ კანონი, რომელიც დააანონსა სახელმწიფომ, ამგვარ დესტრუქციებს თავიდან აგვარიდებს მომავალში, – ვკითხულობთ განცხადებაში.