თენგიზ ცერცვაძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს ავრცელებენ ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე და მისი მეუღლე ქართველი იმუნოლოგის, პროფესორის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და საზოგადოებას თანაგრძნობას უცხადებენ და ქართული მედიცინის განვითარებაში მის განსაკუთრებულ წვლილს აღნიშნავენ. „გამორჩეულია მისი როლი საქართველოს მიერ COVID-19-ის პანდემიის წარმატებულად მართვაში. ბატონი თენგიზი, კოლეგებთან ერთად, ყოველთვის იდგა ქართული საზოგადოების ჯანმრთელობის სადარაჯოზე და გამონაკლისი არც პანდემიასთან ბრძოლა იყო. დიდია ბატონი თენგიზის წვლილი ქართული მედიცინის განვითარებაში, რაც აღიარებულია არა მარტო ეროვნულ, არამედ საერთაშორისო დონეზეც – ის გახლდათ ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ამერიკის ინფექციურ დაავადებათა საზოგადოების წევრი“-ნათქვამია წერილში.