მაშველები მდინარე ნაკრასა და ენგურში სამ მოზარდს ეძებენ. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, სამი არასრულწლოვანი სოფელ ნაკრასთან ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც საჭე ვერ დაიმორჩილეს და მდინარეში გადავარდნენ.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გუშინვე დაიწყო, თუმცა მოზარდების პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველებმა ცოტა ხნის წინ ავტომობილს მიაგნეს, რომელიც მდინარე ნაკრაში არის ჩავარდნილი და ამ დროისთვის სწორედ მასთან მისვლას ცდილობენ. თუმცა, სიტუაციას ართულებს ის, რომ მდინარის დონე ძალიან მომატებულია. ამასთან, შემთხვევის ადგილი ახლოსაა მდინარე ენგურის შესართავთან, რის გამოც ძებნა-შველის ოპერაცია ენგურშიც მიმდინარეობს.
სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის, ნინო ვიბლიანის განცხადებით, სამძებრო სამუშაოებში მაშველებს ადგილობრივებიც ეხმარებიან.