სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა

გადაყენებული თუ უფლებამოსილება ამოწურული – რა სტატუსით დატოვებს მოქმედი პრეზიდენტი თანამდებობას. წინასაარჩევნოდ ეს კითხვაც საკმაოდ აქტუალურია. „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს. რამდენიმე დღეში საკონსტიტუციო სასამართლოში შევა კონსტიტუციური წარდგინება, რომელშიც მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის აღიარებას ითხოვს. წარდგინებას 81 დეპუტატის ხელმოწერა ერთვის, რომელთა ნამდვილობა პარლამენტში უკვე დაადასტურეს. ხელისუფლება სახელმწიფოს მეთაურს ამჯერადაც მთავრობასთან შეუთანხმებელი ვიზიტების გამო უჩივის.

თუ წინა წლის მსგავსად, საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის დარღვევას ახლაც დაადასტურებს, პროცესი უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს, სადაც იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება. პრეზიდენტის უფლებამოსილება დეკემბერში იწურება. იმპიჩმენტს კი მინიმუმ 100 კანონმდებლის ხმა სჭირდება, რაც შარშან მმართველმა გუნდმა ვერ მოაგროვა. მივა თუ არა, შარშანდელისგან გასხვავებით, ახალი მოწვევის პარლამენტში პროცესი ბოლომდე – პროგნოზები არაერთგვაროვანია.