ატენისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ, წირვის დაწყებამდე მრევლს მთავრობის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია სწორი დამოკიდებულება. მეუფე ანდრიას განცხადებით, ვინც რისკის ჯგუფში იმყოფება, ავადაა, ან თვითიზოლაციის რეჟიმშია, სასულიერო პირები მზად არიან, ყველასთან მივიდნენ და აზიარონ. გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება გარკვეული დისტანციით მიმდინარეობდა. წირვა ჩატარდა ფოთის საკათედრო ტაძარშიც, სადაც ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა განაცხადა, რომ თითოეული ქრისტიანი მზად არის, თავი გაწიროს ქრისტესთვის და არა ვირუსებისთვის.
მისივე თქმით, ნებისმიერ თავგანწირვას შინაარსი უნდა ჰქონდეს. ხალხმრავლობა იყო ბათუმის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარშიც, რომელიც სასულიერო გიმნაზიაში მდებარეობს. რაც შეეხება ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარს, საკვირაო ლოცვა გვიან ღამით ჩატარდა. მრევლი აღნიშნავს, რომ სიფრთხილე აუცილებელია. ბათუმის და ლაზეთის ეპარქიამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ითვალისწინებენ ქვეყანაში გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას და წირვის დროს მრევლი ეზოში დისტანციის დაცვით განლაგდება, ლოცვას კი ხმის გამაძლიერებელი საშუალებით მოისმენს.