სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დღეს სამების ტაძარში წირვა ჩაატარა და იქადაგა. ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ადამიანის მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„გიფიქრიათ იმის შესახებ, ყველაზე ძვირფასი საუნჯე რა არის ქვეყანაზე? ზოგს მიაჩნია სიმდიდრე, ზოგს ფული, ძვირფასეულობა, მაგრამ სინამდვილეში ეს სიმდიდრე ადამიანს სამარის კარამდე აცილებს. ყველაზე ძვირფასი საუნჯე დედამიწაზე ადამიანია. დაიმახსოვრეთ. ილია ჭავჭავაძის გამოთქმა, შესანიშნავი სიტყვები – მამული, ენა, სარწმუნოება. მე ცოტა სხვანაირად გამოვთქვი, ღმერთი, სამშობლო და ადამიანი. ადამიანს უნდა გავუფრთხილდეთ, ის ყველაზე ძვირფასი საუნჯეა დედამიწაზე. ღმერთი გვაძლევს ჩვენ სიბრძნეს, სიმშვიდეს, ყოველივე სიკეთეს“.
ილია მეორემ ასევე აღნიშნა, რომ ოთხშაბათს, 13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეა. დღევანდელ წირვას, სამების საკათედრო ტაძარში, ყაზბეგიდან ჩამოსული მრევლი ესწრებოდა, მათ პატრიარქს მხარდაჭერა გამოუცხადეს.