ფართოვდება დაწესებულებების ჩამონათვალი, სადაც მოქალაქეებისთვის მომსახურების პირდაპირი წესით მიწოდება შეიზღუდება. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საბჭოს წევრებმა, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ახალი ზომების შესახებ იმსჯელეს. სახელმწიფო უწყებებს მიეცათ დავალება, მაქსიმალურად გადავიდნენ დისტანციური მუშაობისა და სერვისების ელექტრონული მიწოდების რეჟიმზე.
პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართა, ამ თემაზე შედგეს ბიზნესთან კომუნიკაცია, რათა აქტიურად დაინერგოს დისტანციური სერვისები კერძო დაწესებულებებში და მაქსიმალურად შემცირდეს მოქალაქეთა პირდაპირი კონტაქტი.