დღეს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი ეროვნული სიმბოლო საზეიმოდ გადმოფინეს ყველა სახელმწიფო უწყების შენობიდან. სპეციალურად დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ორიგინალი დროშა წარმოადგინეს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ისტორიულ ექსპონატს, საგარეო უწყების ინიციატივით, ათენში მიაკვლიეს. მოგვიანებით, დროშას საქართველოს დიპლომატიის მუზეუმში განათავსებენ.
ცერემონია გაიმართა პრეზიდენტის სასახლის ეზოშიც, სადაც დროშა ეროვნული ჰიმნის ფონზე აღმართეს. ორბელიანის მოედანზე კი ხუთჯვრიანი დროშა სიმბოლურად გაიშალა. მოქალაქეებს დღევანდელი თარიღი მიულოცეს პრემიერმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება.