საბჭოთა ოკუპაციის დღე - სახელმწიფო უწყების შენობებზე დროშები დაშვებულია

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.დროშები დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტისა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ შენობებზე. სახელმწიფო დროშები დაუშვეს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის უწყების ყველა დანაყოფის ბაზაზე, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასაზღვრო პოლიციის შენობებზე.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

ქვეყნისთვის ტრაგიკულ თარიღთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშა დაშვებულია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზეც. დღეს ორბელიანების სასახლეში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელიც თავისუფლებისათვის ბრძოლას მიეძღვნება. საღამო, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან, ლიტერატურული ნაწილით გაიხსნება და ქართველ მწერლებსა და გამომცემლებს დაეთმობა. დღესვე გაიმართება გია ჭუბაბრიას ფილმის „გაფითრებული თებერვლის ლანდის“ ჩვენება. ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი, „მოძრაობის თეატრი“ საგანგებოდ ამ დღისთვის ოკუპაციის თემაზე შექმნილ პერფორმანსს წარადგენს.