საინიციატივო ჯგუფი „ხელოვნების მუზეუმისთვის“ საქართველოს პარლამენტს მიმართავს და ეროვნული მუზეუმის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით დაინტერესებას სთხოვს. ეკა კიკნაძისა და სულხან სალაძის თქმით, საუბარია, 9 თებერვალს, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დირექტორის, ნიკა ახალბედაშვილის გავრცელებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ეროვნული მუზეუმის დირექტორატის გადაწყვეტილებით, რუსთაველის ფონდის მიერ გამოცხადებულ სამეცნიერო კვლევით კონკურსში გამარჯვებულ, ეროვნული მუზეუმის 13 პროექტს კვლევითი საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო სამუზეუმო ფონდებზე წვდომის შესაძლებლობა ჩამოერთვა. საინიციატივო ჯგუფის წევრის განცხადებით, დირექტორატის ეს გადაწყვეტილება, გარდა იმისა, რომ უკანონოა, საფრთხეს უქმნის ათეულობით მეცნიერის საქმიანობას.