წალენჯიხის მუნიციპალიტეტში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ აბიტურიენტებთან და სასკოლო საზოგადოებასთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს განათლებისა მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა და შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველმა ლია გიგაურმა. ფახულანის, ლიის, ჭალისა და მუჟავას სკოლის მოსწავლეებს მათ სტუდენტთა მხარდამჭერი პროგრამების, ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სამინისტროს მიერ განხორციელებული სხვა ინიციატივების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის სამინისტრო რამდენიმე მხარდამჭერ პროგრამას ახორციელებს. მათ შორისაა 2013 წლიდან მოქმედი სწავლის დაფინანსების პროგრამა. მისი ბიუჯეტი შეადგენს 5 მილიონ ლარს. ასევე, მოქმედებს სოციალური პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 2 520 000 ლარია. პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვება შეუძლიათ სოციალურად მოწყვლადი ჯგუფის სტუდენტებს.