შეხვედრა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის და საბავშვო ბაღების თანამშრომელთა შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. დასაქმებულებისთვის მიუღებელია რეორგანიზაცია, რომლის მიხედვითაც 35-მდე თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩება. ისინი საპროტესტო აქციებს აანონსებენ. წალენჯიხის მერი კი აცხადებს, რომ ეს პროცესი გარდაუვალია. შეხვედრას დღეს ბაღის თანამშრომლები, სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების ცენტრის დირექტორი და მერის მოადგილე ესწრებოდნენ. მერის მხრიდან აღინიშნა, რომ ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი 190 000 ლარი მოხმარდება ბავშვთა კვების რაციონის გაუმჯობესებას, ხელფასის გაზრდას 10 %-ით, ასევე ინვენტარისა და წიგნების შეძენას.