საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უქმდება

ქვეყანა პრაქტიკულად ცხოვრების ძველ რიტმს უბრუნდება. ზუსტად სამ საათში, ღამის 12 საათის შემდეგ, 23 მისს, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა უქმდება. აღარ იმოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათიც. იხსნება ავტომობილებში მგზავრების რაოდენობასა და განლაგებასთან დაკავშირებული შეზღუდვაც. გამონაკლისია მხოლოდ ტაქსები. თუმცა რამდენიმე შეზღუდვა ჯერ ისევ რჩება.

დღესაც არ დასახელებულა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების თარიღი. დახურული რჩება კაფე-ბარები და რესტორნები, სავაჭრო ცენტრები და სპორტულ-კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებები. კოვიდ-19-ის გავრცელების მკვეთრი შემცირების მიუხედავად, ეპიდემიოლოგები დამშვიდების საფუძველს ჯერ ვერ ხედავენ, მით უმეტეს მეზობელ ქვეყნებში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით.

ქვეყანა მთავარ ამოცანად ახლა დაავადების მეორე ტალღისთვის სათანადოდ მომზადებას აცხადებს.