ხორავას ქუჩის საქმის გარშემო გაჩენილ კითხვებს იმ ადამიანებმა უპასუხეს, რომელთა მიმართ ზაზა სარალიძეს ყველაზე მეტი პრეტენზია აქვს.
პარლამენტში საქმის პროკურორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელი მივიდნენ.
დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები დაინტერესდნენ, რატომ მოხდა დანაშაულიდან მალევე შემთხვევის ადგილის, ანუ ფარდულის დემონტაჟი, რატომ არ დაიკითხა თავის დროზე ერთ-ერთი მთავარი მოწმის მამა, მირზა სუბელიანი და იკვეთება თუ არა სარალიძის მკვლელობაში კიდევ ერთი არასრულწლოვნის, მ.კ-ს თანამონაწილეობა.
დეპუტატებმა სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლებს მოწმეების კონკრეტული ჩვენებებიც წაუკითხეს. მათ შორის მ.კ-ს ჩვენება, რომლის მიხედვით, დავით სარალიძეს დანას მისი მკვლელობის მცდელობისთვის უკვე გასამართლებულ გ.ჯ-სთან ერთად ის არასრულწლოვანიც ურტყამდა, რომელიც სასჯელს მხოლოდ ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის იხდის, თუმცა ეს მტკიცებულება მოსამართლემ არ გაიზიარა.