საერთაშორისო მედია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

საერთაშორისო მედია საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

რუსი კანონმდებლის მიერ პარლამენტში წარმოთქმული სიტყვის წინააღმდეგ გამართული მასობრივი დემონსტრაციის დროს აქციის მონაწილეები პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ. მათი შეჩერება სპეცდანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი აირისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით შეძლო, – წერს „ბიბისი“ და აღნიშნავს, რომ რუსეთმა 2008 წელს აფხაზეთთან ერთად ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაც განახორციელა. 10 ათასამდე აქციის მონაწილე პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს და სხვა მაღალჩინოსნებს გადადგომისკენ მოუწოდებს. „ბიბისის“ მოჰყავს „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას ციტატა, რომ აქცია პარლამენტის წინ „რიგითი ქართველების მიერ სპონტანური პროტესტი“ იყო.

პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქის დასარბევად სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი აირი დაუშინეს,- როგორც „ესოშიეთიდ პრესს“ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, დავით სერგეენკომ განუცხადა, შეტაკების შედეგად დაშავებული დაახლოებით 70 ადამიანი, 39 პოლიციელი და 30 მოქალაქე გადაყვანილია საავადმყოფოში. როგორც „ესოშიეთიდ პრესი“ წერს, დემონსტრაციის მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში უწევდნენ წინააღმდეგობას სამართალდამცველებს.

რუსული დელეგაციის ვიზიტით შეურაცხყოფილი ათასობით ადამიანი პროტესტის გამოსათქმელად შეიკრიბა. მას შემდეგ, რაც 10 წელზე მეტი ხნის წინ, ორ ქვეყანას შორის ომის დროს, საქართველომ მისი ორი დიდი რეგიონი დაკარგა, რუსული პოლიტიკური გავლენა სენსიტიური საკითხია საქართველოსთვის, რომლის რეგიონები რუსეთმა მიიტაცა, – წერს „დოიჩე ველე“.

ქართველები რუსი კანონმდებლის ვიზიტმა განარისხა და ისინი პარლამენტში შეჭრას შეეცადნენ, – წერს „როიტერსი“ და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ციტატა მოჰყავს, სადაც ის პარლამენტის წინ არსებულ ვითარებას „ოპოზიციური ძალების მიერ პროვოცირებულად“ აფასებს და აცხადებს, რომ „პოლიცია არასდროს გამოიყენებს რეზინის ტყვიებს და გაზს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ“.