საპროტესტო აქცია რუსთაველზე

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოწინააღმდეგეები დღეს რუსთაველზე განსხვავებული ფორმით შეიკრიბებიან. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ანთებული სანთლებით ქაშუეთის ეკლესიასთან შეხვდებიან.

გვიან კი ღამით დასრულდა მორიგი საპროტესტო აქცია თბილისში. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თავდაპირველად ორ ლოკაციაზე გადანაწილდნენ, ნაწილი სასტუმრო „პარაგრაფთან“ იმყოფებოდა, ნაწილი კი ისევ საკანონმდებლო ორგანოსთან მივიდა. მოგვიანებით დემონსტრაციის მონაწილეები გაერთიანდნენ და მსვლელობით „ქართული ოცნების“ ოფისთან გადაინაცვლეს.

შეკრებილებმა კიდევ ერთხელ გაახმოვანეს მოთხოვნები: მმართველმა პარტიამ უარი თქვას და უკან გაიწვიოს სადავო კანონპროექტი და ასევე მომიტინგეებმა, აქციების მიმდინარეობისას დაკავებული პირების გათავისუფლებაც მოითხოვეს. სახელისუფლებო პარტიის ოფისიდან აქტივისტები კვლავ რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ, სადაც გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ.

საპროტესტო აქციებსა და რუსთაველზე განვითარებულ მოვლენებს დღეს პოლიტიკოსები კიდევ ერთხელ გამოეხმაურნენ.