„საერთაშორისო გამჭვირვალობა -  საქართველოს“ კვლევა

სასამართლო სისტემაში მოსამართლეების დაწინაურების შემთხვევებს ეხმაურება „საერთაშორისო გამჭვირვალობა –  საქართველო“. კვლევაში გაანალიზებულია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დაწინაურების შესახებ 2015- 2020 წლებში მიღებული გადაწყვეტილებები. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დაწინაურების შესახებ გადაწყვეტილებების უმრავლესობა, საერთო სასამართლოების სისტემაში არა დამსახურების პრინციპით, არამედ გავლენიან მოსამართლეთა ჯგუფის პირადი, ვიწრო ინტერესების შესაბამისად მიიღება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ თავმჯდომარის, ეკა გიგაურის თქმით, მოსამართლეთა დაწინაურებისას ძირითად პრობლემას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მინიჭებული უფლებამოსილების არაჯანსაღი მიზნებით გამოყენება წარმოადგენს. მისივე განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, გადაწყვეტილებები მოსამართლეთა დაწინაურების თაობაზე ღია კენჭისყრით უნდა მიიღებოდეს.