პოლიტიკური ინტერპრეტაციების და დავის თემა ხდება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება.
ოთხ დეპუტატს სადეპუტატო უფლებამოსილება შესაძლოა ვადაზე ადრე შეუწყდეს. კახა კუჭავას და ელენე ხოშტარიას შემთხვევაში მიზეზად მათივე სურვილი სახელდება, „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის საკითხი კი დღის წესრიგში მოსამართლის გადაწყვეტილების გამო დადგა. საქმის ხანდაზმულობის მოტივით სასჯელისგან გათავისუფლების მიუხედავად, ფულის გათეთრებაში დამნაშავედ ცნობის გამო ჯაფარიძემ შესაძალოა დეპუტატის მანდატი დაკარგოს. მის მსგავსად, კომიტეტის ხელმძღვანელობამ დღევანდელ სხდომაზე შალვა ნათელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასაც დაუჭირა მხარი. ნათელაშვილი არჩევნების შემდეგ ბოიკოტის რეჟიმშია და არცერთ სხდომას არ დასწრებია. „ლეიბორისტების“ ლიდერი, რომელიც დანარჩენ ოპოზიციას სწორედ პარლამენტში შესვლის გამო მწვავედ აკრიტიკებდა, ახლა კი საკანონმდებლო ორგანოში შესასვლელად გამოკითხვებს ატარებს, ხელისუფლებას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს. ოთხივე დეპუტატის ბედი პლენარულ სხდომაზე უნდა გადაწყდეს.