სააკაშვილის მომხრეები უკრაინის პრეზიდენტს ნებაყოფლობით გადადგომისკენ მოუწოდებენ
მიხეილ სააკაშვილის მომხრეები უკრაინის პრეზიდენტს 18 თებერვლამდე ნებაყოფლობით გადადგომისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მასშტაბურ საპროტესტო გამოსვლებს აანონსებენ.
18 თებერვლამდე ჩვენ ალტერნატიულ მთავრობას და პრეზიდენტობის ათობით კანდიდატს წარვადგენთ, რომლებისგანაც თქვენ გააკეთებთ არჩევანს, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა კიევის ცენტრში, ევროპის მოედანზე გამართულ აქციაზე განაცხადა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, 18 თებერვალს უკრაინის ყველა მსხვილ ქალაქში საპროტესტო გამოსვლები გაიმართება. მან აქციის მონაწილეებს მიმართა და მოუწოდა, რომ თითოეულმა მათგანმა მომავალ დემონსტრაციაზე თითო ადამიანი მოიყვანოს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ახლა გადადგომით უკრაინის პრეზიდენტი სისხლისღვრასა და სამოქალაქო ომს აიცილებს თავიდან, თუმცა თუ პრეზიდენტი პოროშენკო კვლავ გააგრძელებს რეპრესიებსა და უკანონო ქმედებებს, „სასჯელი იქნება ძალიან მკაცრი“.
სიტყვით გამოსვლა ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა ბოლო დროს დონბასში დაღუპულთა სახელების ჩამოთვლით დაიწყო და მათ ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.