პროტესტი რუსთავში და ულტიმატუმი იუსტიციის მინისტრს. უკვე მეოთხე დღეა, მოქალაქეთა ნაწილი ჭყონდიდელის დასახლებაში სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობას აპროტესტებს.
აქციის მონაწილეები თეა წულუკიანს 24-საათიან ვადას აძლევენ და მშენებლობის შეჩერებას სთხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფართომასშტაბიან გამოსვლებს აანონსებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ კარვებს გაშლიან, რასაც ცენტრალური ქუჩების პარალიზებაც მოჰყვება.
რუსთავში სიტუაცია დღეს რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები სამშენებლო ტერიტორიაზე შევიდნენ და კომპანიის მანქანას გადაადგილების საშუალება არ მისცეს. მოგვიანებით კი შეკრებილებმა ცენტრალურ გზაზე გადაინაცვლეს და ქუჩის გადაკეტვა არა ერთხელ სცადეს, რასაც აქციის მონაწილეებსა და მძღოლებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
სიტუაცია შეკრებილებსა და პოლიციას შორისაც დაიძაბა.
„არა ციხეს“, – ამ ლოზუნგით უკვე მეოთხე დღეა, რუსთავში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალი ციხის ღობე დასახლებულ პუნქტთან 30 მეტრშია და თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობენ.