რუსეთში, კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი იზრდება
რუსეთში, კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა. მათ შორის უმრავლესობა ბავშვია. ამის შესახებ იუწყებიან მეხანძრეები, რომლებიც ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ. დაკარგულად ითვლება 11 მოქალაქე, ისინი შესაძლოა, სავაჭრო ცენტრში იმყოფებოდნენ.
ცოტა ხნის წინ მაშველებმა იპოვეს 5 ადამიანი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა. საავადმყოფოში რჩება 12 დაშავებული. კიდევ 40 მოქალაქეს ამბულატორიული სამედიცინო დახმარება დასჭირდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა, შენობაში მდებარე ორ კინოთეატრში ჭერი ჩამოინგრა. ამ ეტაპზე მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ეძებენ.
კემეროვოში მდებარე სავაჭრო ცენტრში ხანძარი 25 მარტს გაჩნდა. მის ჩაქრობას მეხანძრეები მთელი ღამე ცდილობდნენ. მომხდართან დაკავშირებით, დააკავეს 4 ადამიანი. მათ შორის სავაჭრო ცენტრის მეპატრონე. გამოძიება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გამოვლენილი გულგრილობისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს. ცეცხლის გაჩენის ერთ-ერთ მიზეზად განიხილება ელექტროგაყვანილობის გაუმართავობა. არსებობს ვერსია, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს.