საოკუპაციო ხაზზე გახშირებული გატაცებების ფონზე მოსკოვი თბილისის მისამართით კიდევ ერთ პროვოკაციულ გზავნილს ავრცელებს.
წინა განცხადებებთან შედარებით რიტორიკა კიდევ უფრო გამწვავებულია. მაშინ, როდესაც ჩაკეტილია ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტები, უკიდურესად არის შეზღუდული თავისუფალი გადაადგილება და საქართველოს რამდენიმე მოქალაქე ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში იმყოფება, რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებას პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს და მოსკოვთან და არაღიარებულ რეჟიმებთან დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს. ნახსენებია ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების შეხვედრების ფორმატიც, რომელიც სწორედ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გამო აგვისტოს შემდეგ შეწყვეტილია. ლავროვის უწყების ამავე მიმართვის ერთ-ერთი ადრესატი ვაშინგტონიცაა, რომელიც საქართველოს მხარდაჭერის გამო მწვავედ არის გაკრიტიკებული. მოსკოვი ბოლოდროინდელ რამდენიმე გატაცებასაც ეხმაურება, მათ შორის 12 ივლისს ზაზა გახელაძის დაჭრის და დაკავების ფაქტსაც, რომელსაც სულ სხვა ინტერპრეტაციას აძლევს.