ყოფილი მაღალჩინოსანი მძიმე რეზონანსულ საქმეზე დამნაშავედ სცნეს.
აჭარის კუდ-ის ყოფილ უფროსს დაუსწრებლად 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თეიმურაზ პატარიძეს თავდაცვის სამინისტროს სერჟანტ როინ შავაძის უკანონო დაკავების ორგანიზება და მკვლელობა ედება ბრალად. გამამტყუნებელი განაჩენი დადგა ხუთი ყოფილი სპეცრაზმელის მიმართაც. 2008 წლის ზაფხულში ჩაცხრილული სერჟანტის გახმაურებულ საქმეს სულ 12 ფიგურანტი ჰყავს. მათ შორის დანაშაულს მხოლოდ სამი სპეცრაზმელი აღიარებს. საქმე, რომელზეც ევროპული კონვენციის მუხლის დარღვევა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომაც დაადგინა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ თავიდან გამოიძიეს. შედეგად ძიების თავდაპირველი ვერსია რადიკალურად შეიცვალა. ბათუმის ერთ-ერთ კაფეში დაკავებულ და ქობულეთის გზაზე მოკლულ შავაძეს 40-მდე ტყვია ჰქონდა ნასროლი.