ნაფიცი მსაჯულების განაჩენი როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე

ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ საქმეზე განაჩენი გამოტანილია.

აჭარის კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი და ყოფილი სპეცრაზმელი ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავეებად სცნეს. როინ შავაძის საქმის 12 ფიგურანტიდან ორი გასამართლებულია და 12-12-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ალი ბალაძის და მამუკა ბერიძის ვერდიქტს განსასჯელთა ოჯახების მწვავე პროტესტი მოჰყვა.

თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტი და აგვისტოს ომის მონაწილე შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს ქობულეთის გზაზე მოკლეს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩატარებულმა გამოძიებამ მკვლელობის მანამდე დასახელებული ვერსია თავდაყირა დააყენა. არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც სიცოცხლის უფლების დარღვევა დაადგინა. ბრალდებულებს შორის არიან აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი და მისი ყოფილი მოადგილე, რომლებსაც შავაძის უკანონო დაკავების ორგანიზებაში და განზრახ მკვლელობაში ედებათ ბრალი. 16 წლის წინ ბათუმის ერთ-ერთ კაფეში დაკავებულ და მოგვიანებით ქობულეთის გზაზე ჩაცხრილულ სერჟანტს, სხეულზე 40 ჭრილობა აღენიშნებოდა.