როინ შავაძის მკვლელობის საქმე

როინ შავაძის მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს 12-12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ – ნაფიცმა მსაჯულებმა მათ მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს. აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ალი ბალაძე დამნაშავედ ცნეს შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ორგანიზებაში, ყოფილი სპეცრაზმელი მამუკა ბერიძე კი, შავაძის უკანონო დაკავებასა და ჯგუფურად მკვლელობაში. გადაწყვეტილების გამოცხადებას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს, ქობულეთის გზაზე მოკლეს. მაშინდელი ხელისუფლება აცხადებდა, რომ დაკავებული შავაძე გაქცევას ცდილობდა და სპეცრაზმელებს ცეცხლი გაუხსნა, მკვლელობა კი საპასუხო სროლებმა გამოიწვია. თუმცა, 2020 წლის ნოემბერში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ძალის გამოყენება არამართლზომიერად მოხდა, რასაც შავაძის სიცოცხლე შეეწირა.