გახმაურებული საქმის ახალი ფიგურანტები. დაკავებულია ორი ყოფილი სპეცრაზმელი, რომელსაც თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტ როინ შავაძის განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი.
შემზარავი ფაქტიდან 15 წლის შემდეგ ბრალდებულთა წრე ფართოვდება. საგამოძიებო მასალებით, სწორედ ასლან ინაიშვილი და გელა გვინიაძე მონაწილეობდნენ სერჟანტის ჯერ უკანონოდ დაკავებაში და შემდეგ სასტიკ მკვლელობაში. ქობულეთის გზაზე შავაძეს 40-მდე ტყვია ესროლეს. ყოფილი სპეცრაზმელების დაკავებას თვეების წინ ათი ადამიანის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა უძღოდა. ნაწილმა დანაშაული აღიარა. ამ დრომდე იძებნება საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი – აჭარის კუდ-ის ყოფილი უფროსი. გამოძიების მიხედვით, აგვისტოს ომის მონაწილე შავაძეს წინა ხელისუფლება უცხო ქვეყნის სპეც-სამსახურებთან თანამშრომლობას აბრალებდა. 2008 წელს ბათუმის კაფეში მისი დაკავება ნარკოდანაშაულის მოტივით, მკვლელობა კი წინააღმდეგობის გაწევით ახსნეს. თუმცა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჩატარებულმა გამოძიებამ საქმე თავდაყირა დააყენა. რეზონანსულ საქმეზე არსებობს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელიც 15 წლის წინ ჩადენილ დანაშაულზე მიუთითებს.