რაგბიში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კლუბ „შავი ლომის“ მთავარ მწვრთნელად რიჩარდ კოკერილი დაინიშნა.
მან ლევან მაისაშვილი შეცვალა. ახალ მთავარ მწვრთნელთან კონტრაქტი 1+1+2 სისტემით გაფორმდა. 52 წლის კოკერილს „ბორჯღალოსნების“ თავკაცის რანგში დებიუტი 4 თებერვალს ექნება, როდესაც საქართველოს ნაკრები „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ 2024 წლის გათამაშების სასტარტო ტურში გერმანიაში ითამაშებს, შემდეგ კი ორი საშინაო მატჩია: 10 თებერვალს ნიდერლანდებთან და 17 თებერვალს ესპანეთთან. კოკერილი მოთამაშის კარიერის განმავლობაში იცავდა „ქოვენთრის“, „ლესტერისა“ და „კლერმონის“ ღირსებას, ინგლისის ნაკრების მაისურით კი 27 მატჩში სამი ლელო აქვს დადებული. მწვრთნელობა მან 2005 წელს „ლესტერში“ ფორვარდების დამრიგებლად დაიწყო, შემდეგ კი მთავარი მწვრთნელი იყო ფრანგულ „ტულონსა“ და შოტლანდიურ ედინბურგში. ის ინგლისის ნაკრების ფორვარდების მწვრთნელიც იყო და უმუშავია როგორც ედი ჯონსთან, ასევე სტივ ბორსვიკთან. ბოლოს ფრანგულ „მონპელიეს“ წვრთნიდა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებში ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის საჭიროება წლევანდელი ჩაგდებული მსოფლიო თასის შემდეგ გაჩნდა. ლევან მაისაშვილის შეგირდებმა საფრანგეთში ასპარეზობა მოგების გარეშე დაასრულეს.