საქართველოს კერძო კოლეჯები სწავლის აღდგენისთვის ემზადებიან. კორონავირუსის პანდემიის გამო, უკვე ორ თვეზე მეტია, კოლეჯებში სწავლა სრულიად შეწყვეტილია, რადგან სკოლებისა და უმაღლესებისგან განსხვავებით, პროფსასწავლებლებში ონლაინსწავლება გამოუსადეგარია. ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ მათთვის სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა დაცვითაც პროფესიული სასწავლებლები აუდიტორიებში სტუდენტების მიღებას შეძლებენ. საუბარია თერმოსკრინინგზე, დეზობარიერებსა და ანტიბაქტერიულ ხსნარებზე.
დღეს კერძო კოლეჯების ასოციაციაში სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარდა ტრენინგი. თუმცა, ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მათთვის ყველაზე მტკივნეული რეკომენდაცია, სასწავლო მაგიდებს შორის ორმეტრიანი დისტანციის დაცვაა, რადგან ჯგუფების გაყოფა უწევთ, რაც სწავლის საფასურს ზრდის. ამიტომ, კერძო კოლეჯები ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით მიმართავენ, რომ უწყებამ ამ კონკრეტულ რეკომენდაციას გადახედოს.