პროფესიულ კოლეჯებში სწავლის მსურველთა რეგისტრაციის დასრულებამდე რამდენიმე დღე რჩება.
რეგისტრაცია 10 აგვისტოს ჩათვლით მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ელექტრონულ პლატფორმაზე evet.emis.ge. 10 აგვისტოს შემდეგ ცნობილი გახდება ტესტირების ვადები, რის შემდეგაც კოლეჯებში ჩარიცხვის პროცესი დაიწყება. მანამდე კი სასწავლებლები სწავლის მსურველებს სიახლეებს სთავაზობენ. მათ შორისაა კოლეჯი „მერმისი“, სადაც პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის ღია კარის დღე გაიმართა. კოლეჯის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს მიაწოდეს ინფორმაცია კოლეჯის პროფესიული პროგრამების შესახებ, ასევე ისაუბრეს რეგისტრაციის პროცესზე, ტესტირებასა და შემდგომი დასაქმების შესაძლებლობებზე. კოლეჯში წელს პირველად, სწავლის მსურველ საბაზო საფეხურის განათლების მქონე პირებს საშუალება აქვთ, დაეუფლონ ვებ-ტექნოლოგიებისა და სასტუმრო მომსახურების ინტეგრირებულ პროგრამებს, რომლის დასრულების შემდეგ მიიღებენ სკოლის ატესტატთან გათანაბრებულ პროფესიული კვალიფიკაციის დამადასტურებელ დიპლომს და სურვილის შემთხვევაში სწავლას უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელებენ.