ოთხდღიანი საპროტესტო აქციების შედეგად, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა თანამდებობიდან გადადგა. დე ფაქტო პარლამენტი რაულ ხაჯიმბას გადადგომის შესახებ განცხადებას ფორმალურად დღეს განიხილავს. ე.წ. პრეზიდენტის რეზიდენციასთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილე რამდენიმე ასეული მოქალაქე კი ხაჯიმბას გადადგომას ოვაციებით შეხვდა.
სოხუმში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი ვლადისლავ სურკოვი, რომელმაც ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი ხაჯიმბამ მასთან შეხვედრაზე უარი განაცხადა. თუმცა, გადადგომამდე, დღის განმავლობაში ოპოზიციური ბლოკის ლიდერს ასლან ბჟანიას შეხვდა, რომელმაც დე ფაქტო პრეზიდენტს პოსტის დატოვება მოსთხოვა.
აქციის მონაწილეები ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას 9 იანვრიდან ითხოვდნენ. პარასკევს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ სექტემბერში გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, რომელშიც რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა, გააუქმა და ვადამდელი არჩევნები 22 მარტს დანიშნა. ე.წ პრეზიდენტის მოვალეობას, სავარაუდოდ, ვალერი ბგანბა, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი შეასრულებს.