ხვალ, 31 მარტის დილის 8 საათიდან ამოქმედდება საყოველთაო კარანტინი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.
რას ითვალისწინებს საყოველთაო კარანტინი:
სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე – ქალაქებს შორის.
დასაშვებია მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია.
ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით.
იკრძალება სამზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს ორი მეტრიანი სოციალური დისტანცია.
ამასთან, მთავრობის მიერ ნებადართულ საწარმოებში მუშაობის წესი ცალკე იქნება გაწერილი და ექნებათ ცალკე პროტოკოლები, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული.
აკრძალული იქნება 70 წელს ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები მათ მიმართ ვალდებულება აქვს, რომ დაეხმაროს ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.
21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე – სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე – ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი.
ნებისმიერ მოქალაქეს ნებისმიერ დროს ქალაქში გადაადგილებისას თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ცხელი ხაზი: 144
რას ითვალისწინებს საყოველთაო კარანტინი – გიორგი გახარიას განცხადება