ვაკეში, რადიანის ქუჩის მცხოვრებლების აქცია გაიმართა. ადგილობრივები კომპანია „თორის“ მიერ 12-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ.
მოსახლეობის თქმით, მშენებლობის უფლება კომპანიამ მერიისგან 2015 წელს მიიღო. მოგვიანებით, ადგილობრივებმა კოეფიციენტის თემაზე დავა საქალაქო სასამართლოში დაიწყეს და მათი თქმით, სამშენებლო კომპანიას ახლა 12-სართულიანი კორპუსის აშენების უფლება აღარ აქვს.
მოსახლეობა ამბობს, რომ მშენებლობა საფრთხეს უქმნის მომიჯნავე სახლებს. ასევე ადგილი, სადაც კორპუსი შენდება არის ჩიხი და ახალი მასშტაბური შენობის აგება ტერიტორიაზე პრობლემას შეუქმნის სასწრაფო სახანძრო მანქანების გადაადგილებას.
არქიტექტურის სამსახურში განაცხადეს, რომ საქმეზე დავა მიმდინარეობს და სამსახური სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად იმოქმედებს.