ქსნის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, სარკინიგზო გზის მონაკვეთზე, სადაც კლდის ფრაგმენტი ჩამოიშალა, მატარებლების მოძრაობა შეფერხებული არ არის. ადგილზე ამ დრომდე გეოლოგები მუშაობენ. სწორედ მათი დასკვნის საფუძველზე დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები. ქსნის ქუჩაზე კლდის ჩამოშლამ, სარკინიგზო ლიანდაგის ერთი მიმართულების ჩაკეტვა გამოიწვია. კლდის ჩამოშლის დროს, მატარებლები არ მოძრაობდნენ. უსაფრთხოების მიზნით, ადგილზე დილიდან იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამაც. „აქამდე ქვათაცვენა ამ ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, მოსახლეობის მხრიდან განცხადება ქვათაცვენის პრობლემის შესახებ აქამდე არც თბილისის მერიაში და არც ნაძალადევის რაიონის გამგეობაში არ შემოსულა. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ტყუილია რიგი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს მოსახლეობის არაერთგზის მიმართვას მუნიციპალიტეტის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთი განაცხადი, აღნიშნულ ტერიტორიაზე ქვათაცვენის პრობლემის შესახებ, თბილისის მუნიციპალიტეტში არ ფიქსირდება.“- აცხადებენ მერიაში.