წყალდიდობა საბერძნეთში

საბერძნეთში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მილიონობით ევროს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. გადაუღებელი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის დროს საბერძნეთის ცენტრალურ ნაწილში ექვსი ადამიანი დაიღუპა. დატბორილია ასობით საცხოვრებელი სახლი. განადგურებულია ინფრასტრუქტურა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი სამჯერ აღემატება 2020 წლის წყალდიდობას, რა დროსაც მიყენებული ზიანის ოდენობა 700 მილიონ ევროს შეადგენდა. სამაშველო და გაწმენდითი სამუშაოები სტიქიის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ამ დრომდე გრძელდება. დატბორილი დასახლებების ნაწილში წყლის სიმაღლე ორ მეტრს აღწევს.

მაშველებმა სტიქიური უბედურების ზონიდან 1 800 ადამიანი გამოიყვანეს.