დიმიტრი პესკოვი – ესტონეთი კედელს აშენებს, ისტორია გვიჩვენებს, არაერთ ქვეყანას აუშენებია კედლები, თუმცა ამას მათი ავტორებისთვის კარგი არაფერი მოუტანია
ესტონეთის მიერ რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილებას კრემლში აკრიტიკებენ. როგორც რუსესთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ამგვარი ნაბიჯი ტალინისთვის კარგ შედეგს არ მოიტანს.
პესკოვმა ესტონეთის გადაწყვეტილება კედლის აღმართვას შეადარა.
„ესტონეთი კედელს აშენებს. როგორც ისტორია გვიჩვენებს, არაერთ ქვეყანას აუშენებია კედლები, თუმცა ამას მათი ავტორებისთვის კარგი არაფერი მოუტანია“, – განაცხადა პესკოვმა.
ცნობისთვის, ესტონეთის ხელისუფლება რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვას ერთ-ერთ ესტონურ თავდაცვით საწარმოზე სავარაუდო დივერსიულ თავდასხმას უკავშირებს. ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, ქვეყანა პირველი დეკემბრიდან რუსეთთან არსებულ ყველა სასაზღვრო-გამშვებ პუნქტს დახურავს. შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ ტარომ კი აღნიშნა, რომ შესაბამის გადაწყვეტილებას მთავრობა მიიღებს და შეზღუდვები, შესაძლოა, დროებითი ან მუდმივი იყოს.
კრემლი უარყოფს რუსეთის მონაწილეობას დივერსიულ საქმიანობაში. პესკოვის განცხადებით, მსგავსი ბრალდებები მოსკოვს ესმის როგორც ტალინიდან, ისე ევროპის სხვა დედაქალაქებიდან.
„ყველა ეს განცხადება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. არ არსებობს არც არგუმენტები, არც მტკიცებულებები. ეს სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებია“, – განაცხადა პესკოვმა.