რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბუქარესტი აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო კავშირების განვითარებაზე მოლაპარაკებებს გეგმავს
რუმინეთი აზერბაიჯანთან, სომხეთთან და თურქეთთან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო კავშირების განვითარების საკითხებზე მოლაპარაკებებს გეგმავს, – ამის შესახებ რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დან ნეკულაესკუმ ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართება ცალკე მინისტერიალი, რომელიც შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სატრანსპორტო კავშირების გაძლიერებას დაეთმობა. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ თურქეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები.
„მნიშვნელოვანია, განვიხილოთ არა მხოლოდ სატრანსპორტო კავშირების განვითარება, არამედ უსაფრთხოების საკითხებიც. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მოსაზრებები“, – განაცხადა რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ნეკულაესკუს თქმით, ბუქარესტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ პარტნიორებთან თანამშრომლობას.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება შავ ზღვაში ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების განვითარება იქნება.
ამასთან, ბუქარესტი მხარს უჭერს შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ცენტრის ამოქმედების დაჩქარებას. ევროკომისიას რუმინეთისა და ბულგარეთისთვის ამ მიმართულებით 50 მილიონი ევროს გამოყოფის ვალდებულება აქვს აღებული.