ქრისტეშობა ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია. ამ დღეს მორწმუნეები ტაძრებში ხვდებიან. საზეიმო ღვთისმსახურება ეკლესიებში ღამისთევით ჩატარდა, ზოგიერთ ტაძარში კი საღმრთო ლიტურგია დღეს დილით დაიწყო.
სიონის საკათედრო ტაძარში ლიტურგიის დაწყებამდე მრევლს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საშობაო ეპისტოლე გააცნეს. ადამიანური სისუსტეები, რწმენის მნიშვნელობა და ომი უკრაინაში – ილია მეორემ საკუთარ ეპისტოლეში ყურადღება სწორედ ამ თემებზე გაამახვილა. საზეიმო ღვთისმსახურებას სიონის საკათედრო ტაძარში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.