„ქოლცენტრების საქმე“

ევროპელ პენსიონერთა ძარცვის საერთაშორისო ქსელის რეზონანსული საქმე შიდა პოლიტიკური დაპირისპირების მთავარი თემა ხდება.

ურთიერთბრალდებები მას შემდეგ გამწვავდა, რაც ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გვარმა გაიჟღერა. გამოძიებასთან კითხვები აქვს გიორგი ვაშაძეს, რომლის ძმის საკუთრებაში არსებული, აღმაშენებლის გამზირზე დალუქულ ოფისში განთავსებული სასტუმრო და შენობის მესაკუთრე კომპანიის წილების ნაწილი აღმოჩნდა. ეჭვები კიდევ უფრო გამძაფრდა მას შემდეგ, რაც დალუქული კომპანიის ერთ-ერთი ოფისი არახამიას ნათესავის, მიხეილ არახამიას სახელზე აღმოჩნდა რეგისტრირებული. არაოფიციალურ ინფორმაციას, რომ შენობაში ვაშაძის და დავით არახამიას ე.წ. ქოლცენტრი ფუნქციონირებს, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი კამპანიის ნაწილად აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი. ვინ არის დაკავშირებული საქართველოში საერთაშორისო დონის დანაშაულებრივ ქსელთან – ხელისუფლება „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიების მასალებზე დაყრდნობით ქსელის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილს ასახელებს, ოპონენტები კი რეზონანსული საქმის „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან კავშირებზე მიუთითებენ. რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში მიმდინარე გამოძიების პარალელურად, ოპოზიცია საქმის დამოუკიდებლად შესასწავლად დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას ითხოვს.