ტრანსნაციონალური დანაშაული

ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორების მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო, პროკურატურამ ევროჯასთთან და გერმანიის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის შედეგად მოახდინა აღნიშნული დანაშაულების გახსნა. საუბარია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სამ ორგანიზატორზე, ორგანიზებული ჯგუფის წევრსა და იურიდიულ პირზე. ე.წ. ქოლცენტრების სქემით ორგანიზებული ჯგუფის მიერ განხორციელდა თაღლითურად დაუფლებული ათეულობით მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.

ხუთივე ბრალდებულის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური ქოლცენტრების გამოვლენის მიზნით აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან.