ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეზე

თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 59-ე საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნა. თეა წულუკიანმა გახსნისას აღნიშნა, რომ პროექტის ავტორებმა, მარიამ ნატროშვილმა და დეთუ ჯინჭარაძემ აბსოლუტურად განსხვავებული პროექტი წარმოადგინეს ვენეციის ბიენალეს ფარგლებში. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ წელს პირველად, ვენეციის ბიენალეს საქართველოს ეროვნული პავილიონის ფარგლებში, ახალგაზრდებისთვის სახელოვნებო რეზიდენცია მუშაობს, ხოლო ვენეციიდან დაბრუნებისთანავე რეზიდენტებს კულტურის სამინისტრო მის მუზეუმებში მუშაობის დაწყებას შესთავაზებს.

ვენეციის ბიენალეზე საქართველოდან წარმოდგენილია კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული პროექტი „მე ვწუხვარ ბაღზე“. ეს არის მულტიმედიური პროექტი, რომელიც ვირტუალური რეალობის საშუალებით, დამთვალიერებელს გადაშენებული მცენარეების ბაღს აჩვენებს. მცენარეებს, რომელიც ადამიანის ჩარევის შედეგად ბუნებაში აღარ არსებობს.