მაღალი ინტერესია ბუდაპეშტში მიმდინარე შეხვედრების მიმართ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სხვა ლიდერებთან ერთად უნგრეთის მმართველ პარტიაში შეხვედრებს მართავს. დღის წესრიგის მთავარი თემა ევროკავშირის ლიდერების სამიტია, როცა 27-მა ქვეყანამ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილება კონსენსუსის გზით უნდა მიიღოს. ქართული დელეგაცია დარწმუნებულია, რომ 14-15 დეკემბერს საქართველოს უნგრეთის მხარდაჭერა ექნება. ირაკლი კობახიძე ხაზს უსვამს, რომ დღევანდელმა შეხვედრებმა ოპტიმისტური მოლოდინები კიდევ უფრო გაამყარა. თუმცა ჩნდება კითხვებიც – ხომ არ შეაფერხებს უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პრემიერის და მმართველი პარტიის პოზიციები საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პერსპექტივას – ვიქტორ ორბანი უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების წინააღმდეგია და სამიტის დღის წესრიგიდან ამ საკითხის ამოღებას ითხოვს. იგივე მოთხოვნით მიმართავს მთავრობას უნგრეთის მმართველი პარტია მის მიერ პარლამენტში წარდგენილ რეზოლუციაში.