„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ვიზიტი ბუდაპეშტში

მაღალი ინტერესია ბუდაპეშტში მიმდინარე შეხვედრების მიმართ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სხვა ლიდერებთან ერთად უნგრეთის მმართველ პარტიაში შეხვედრებს მართავს. დღის წესრიგის მთავარი თემა ევროკავშირის ლიდერების სამიტია, როცა 27-მა ქვეყანამ საქართველოს კანდიდატის სტატუსზე საბოლოო გადაწყვეტილება კონსენსუსის გზით უნდა მიიღოს. ქართული დელეგაცია დარწმუნებულია, რომ 14-15 დეკემბერს საქართველოს უნგრეთის მხარდაჭერა ექნება. ირაკლი კობახიძე ხაზს უსვამს, რომ დღევანდელმა შეხვედრებმა ოპტიმისტური მოლოდინები კიდევ უფრო გაამყარა. თუმცა ჩნდება კითხვებიც – ხომ არ შეაფერხებს უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთის პრემიერის და მმართველი პარტიის პოზიციები საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პერსპექტივას – ვიქტორ ორბანი უკრაინასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყების წინააღმდეგია და სამიტის დღის წესრიგიდან ამ საკითხის ამოღებას ითხოვს. იგივე მოთხოვნით მიმართავს მთავრობას უნგრეთის მმართველი პარტია მის მიერ პარლამენტში წარდგენილ რეზოლუციაში.