საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე შეფასებები კეთდება თბილისში. ხელისუფლების ოპონენტები მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ მოსკოვმა საქართველოს ხელისუფლება საგარეო პოლიტიკური კურსის გამო დაასაჩუქრა. უმრავლესობის წევრები კი ოპონენტებს ახსენებენ, რომ რუსეთის ფედერაციას საქართველოს მოქალაქეებისთვის ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული აღნიშნული შეზღუდვები და მის მოხსნასთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებას არანაირი კავშირი არ აქვს.