პირდაპირი ავიამიმოსვლა რუსეთთან - პოლიტიკური შეფასებები

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენასა და პუტინის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე პოლიტიკური შეფასებები გრძელდება. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რუსეთის ხელისუფლებასთან პოლიტიკური დიალოგი არ აქვს და ერთადერთი ურთიერთობა რუსეთ-საქართველოს შორის ეკონომიკურია. უმრავლესობაში ამბობენ, რომ პუტინი საკუთარ განცხადებაში, სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილის მთავრობას გულისხმობდა, რომლის დავალებითაც, „ჯორჯიან ეარვეისი“ 2008 წლის შემდეგ, ფრენების აღდგენის მიზნით, რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია თავად „აირზენას“ პრეზიდენტმაც დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა კონფერენციაზე სახელწოდებით „საქმიანი რუსეთი“ განაცხადა, რომ რეაქცია, რომელიც პირდაპირი ფრენების აღდგენას მოჰყვა, მისთვის მოულოდნელი და გაუგებარი იყო, რადგან პუტინის თქმით, საქართველოს ხელმძღვანელობამ ვიზების გაუქმებისა და საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხები არაერთხელ წამოჭრა, რუსეთმა კი შემხვედრი ნაბიჯები გადადგა.